Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკარიძე სააკაშვილის "ცოცხლად გასამართლების" შესაძლებლობებზე: მოდით, თავს შევიკავებ


გენადი მაკარიძე
გენადი მაკარიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ თავი აარიდა შეკითხვას - "არის თუ არა სასამართლო დღეს მზად იმისთვის, რომ გაასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არა დაუსწრებლად, არამედ - ცოცხლად?“.

ეს შეკითხვა გენადი მაკარიძეს დაუსვა "დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის" წევრმა კახა წიქარიშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენის პროცესში.

„მოდით, მაგ შეკითხვაზე მე ახლა თავს შევიკავებ. იმდენი ითქვა, იმდენი დაიწერა, იმდენი მიზეზი განმარტა, როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე სასამართლომ... არც ვიცნობ, არც დეტალებში ვარ... მხოლოდ განცხადებების საფუძველზე არასერიოზული იქნება მე რაღაც კომენტარები ვაკეთო“, - უპასუხა შეკითხვის ავტორს გენადი მაკარიძემ.

იმავე ავტორის სხვა შეკითხვებთან მიმართებით კი, ის აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს შეაწყვეტინებდა გამოსვლას, თუკი ის ძველი ხელისუფლების პირობებში სასამართლოზე ზეგავლენის სქემის აღწერას მოისურვებდა.

ასევე, გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემა „მიწასთან იყო გასწორებული“ და ასევე, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „2012 წლამდე მოსამართლეებზე იყო უპრეცედენტო ზეწოლა“.

გენადი მაკარიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადოდ გამწესებული მოსამართლეა, რომლის კანდიდატურაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2 აგვისტოს წარუდგინა.

საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება მორიგ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავეა აშშ-ის საელჩოს შეფასებებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG