Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიტე აროშიძე: არ მივცემთ ენმ-ს საკრებულოს ხვალინდელი სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას


ტიტე აროშიძე
ტიტე აროშიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ტიტე აროშიძე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ბათუმის მოქმედი საკრებულოს 25 ნოემბრის ბიუროს სხდომას, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე გაიმართა. „არ მივცემთ "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოს ხვალინდელი სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას“ - განაცხადა მან.

ბიუროს სხდომაზე, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკითხი ხვალიდნელი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

„ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული და ძველი მოწვევის წევრები მოითხოვდნენ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს შენობიდან პოლიციამ გაიყვანა.

ბიუროს სხდომაზე მომხდარ კონფლიქტს, „ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატების ნაცვლად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოეხმაურა. მან ბრიფინგზე განმარტა, რომ ბათუმის უპრეცედენტოდ გაზრდილ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 254 მილიონ ლარს შეადგენს, 26 ნოემბერს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ და არ მისცემენ „ნაციონალურ მოძრაობას" სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას.

„გავლილია ბიუჯეტის განხილვის ყველა პროცედურა, რაშიც „ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ამიტომ მათ აქვთ პოლიტიკური, მორალური და კანონით განსაზღვრული უფლება, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ “, - თქვა ტიტე აროშიძემ.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის" სიით ბათუმის საკრებულოში არჩეული დეპუტატები აცხადებენ, რომ მოქმედ საკრებულოს უფლებამოსილება სულ რამდენიმე დღეში ეწურება და მათ არ აქვთ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების უფლება, რადგან ვერ აიღებენ მასზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

2017 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოსგან განსხვავებით, ახლადარჩეულ საკრებულოში „ქართული ოცნება" უმცირესობაშია. ბათუმელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ" 35 დან 16 მანდატი აიღო. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ჯამში 19 მანდატი მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG