Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის კოლეგის შვილი "გაზპრომისგან" მილიარდობით რუბლს ღებულობს შენობის არენდის საფასურად


პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი კოლეგის, ვალერი გოლუბევის შვილი, ვიაჩესლავ გოლუბევი კომპანია "გაზპრომისგან" მილიარდობით რუბლს იღებს შენობის ქირაში, - ამის შესახებ თავის საგამოძიებო მასალაში წერს საიტი „ვაჟნიე ისტორიი“.

გამოცემის თანახმად, 26 წლის ბიზნესმენი ამ ბიზნესის თანამფლობელი გახდა იმ დროს, როდესაც მისი მამა, ვალერი გოლუბევი, კორპორაციაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა.

"გაზპრომმა" სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ბიზნეს-ცენტრი Fort Tower-ი 2016 იქირავა. "გაზპრომის" შვილობილმა კომპანიებმა დაიკავეს თითქმის მთელი 21-სართულიანი შენობა და ასევე მიწისქვეშა პარკინგის 170 ადგილი. სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, ენერგეტიკულ კომპანიას შენობის 2024 წლამდე ქირის ფასი 4,5 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

2018 წელს Fort Tower-ის უმსხვილესი თანამფლობელი გახდა 23 წლის ვიაჩესლავ გოლუბევი, რომლის მამა იმხანად "გაზპრომის" თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, ვლადიმირ პუტინი და ვალერი გოლუბევი ერთად მუშაობდნენ ჯერ საბჭოთა კა-გე-ბეში, ხოლო შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, სანქტ-პეტერბურგის მერიაში. 1993-1999 წლებში გოლუბევი სათავეში ედგა ქალაქის ერთ-ერთ რაიონს, სადაც პუტინს და მის ოჯახს იმხანად ბინა გამოუყვეს. 2003 წელს პუტინის თანამოსამსახურე ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა. მოგვიანებით გოლუბევმა დატოვა დეპუტატის მანდატი და "გაზპრომის" სტრუქტურაში გენერალურ დირექტორად დაინიშნა, შესყიდვების დარგში.

რუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ვალერი გოლუბევს და მის შვილს, ვიაჩესლავს, რომელიც ამჟამად 26 წლისაა, „ვაჟნიე ისტორიის“ მასალის შესახებ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG