Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს, 26 ნოემბერს საგანგებო სხდომას გამართავს კორონავირუსის ახალი სახეობის, B.1.1.529-ის გამო, რომელიც პირველად აფრიკის სამხრეთში აღმოაჩინეს.

ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამ ვარიანტით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევაა. კორონავირუსის ახალი სახეობა ჰონ-კონგშიც დაუდასტურდა პირს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

მეცნიერების წინასწარი ვარაუდით, B.1.1.529 შესაძლოა, დღემდე გამოვლენილ სახეობებზე უფრო გადამდები იყოს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ახალ სახეობას სულ მცირე ათი მუტაცია აქვს, მაშინ როცა დელტა ვარიანტს მხოლოდ ორი. სამხრეთაფრიკელმა ეპიდემიოლოგმა, სალიმ კარიმმა BBC-ს უთხრა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, ნაკლებად ექვემდებარებოდეს დღეს არსებული ვაქცინების ზემოქმედებას.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელ საგანგებო შეხვედრაზე ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ B.1.1.529 წარმოადგენს მხოლოდ ინტერესის გამომწვევ სახეობას, თუ ვარიანტს, რომელიც შეშფოთების საფუძველია.

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების საფრთხის გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციულ ზომებს. ისრაელმა საზღვრები დაუკეტა აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნების: ბოტსვანის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ლესოთოს, ზიმბაბვეს, მოზამბიკის, ნამიბიის და ესვატინის მოქალაქეებს. აიკრძალა ისრაელიდან ამ ქვეყნებში გამგზავრებაც. ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც აფრიკის სამხრეთში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინში იქნებიან. პრევენციის მიზნით, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც. გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG