საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან შემოსულ პირებს ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მგზავრობის ისტორია ჰქონდათ, საქართველოში შემოსვლისთვის სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში შემოსვლისთვის ასევე აუცილებელი იქნება, პისიარტესტი იყოს ნეგატიური.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რასაც აქვეყნებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ეს უწყებები მიიჩნევენ, რომ ახალი შტამი არის საკმაოდ შემაშფოთებელი, რის გამოც პირველივე დღიდან მიანიჭეს სახელწოდება - ომიკრონი. წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ დაკვირვება წარმოებს. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
28 ნოემბერიდან, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთისას რეგულაციები დაუწესდათ 8 ქვეყნის მოქალაქეებს.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
🔴სამხრეთ აფრიკა
🔴ბოცვანა
🔴ზიმბაბვე
🔴ნამიბია
🔴ლესოტო
🔴ესვატინი (სვაზილენდი)
🔴მოზამბიკი
🔴მალავი
„14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებაში.
"ომიკრონის" შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) პირველად 24 ნოემბერს შეატყობინა სამხრეთ აფრიკამ.
დაწერეთ კომენტარი