Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: „უამრავი ადამიანი შეიკრიბება სასამართლოსთან“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ 29 ნოემბრისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს დასწრებისა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება ექნება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბებიან, თუმცა, მისივე თქმით, სხვა სახის აქტივობა არ იგეგმება.

„არ გვაქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა თუ ვიმსჯელებთ იქიდან, რა წინასწარი განცხადებებიც კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილს მიიყვანდნენ სასამართლო პროცესზე, ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხვალ პირველად, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, მიეცემა საშუალება სასამართლოს წინაშე წარდგომის და მიმართვის, როგორც სასამართლოსთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. ამას ჩვენ ყველა ველოდებით და ბუნებრივია, ამას ელოდება ჩვენი მოსახლეობაც, მხარდამჭერებიც. ვფიქრობ, ხვალ უამრავი ადამიანი შეიკრიბება სასამართლოსთან, რადგან ყველას აქვს სურვილი, სოლიდარობა გამოუცხადოს მიხეილ სააკაშვილს. მე არ ვიცი, რა განზრახვა აქვს ხელისუფლებას, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხელი შეგვეშალა სამართლადამცავებისთვის, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების პროცესში და არც ხვალ ვგეგმავთ არაფერს, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად მიდის სასამართლო პროცესზე, ჩვენ სულ რომ არ გვინდოდეს, ხალხი მაინც შეიკრიბება და მაინც მივა სააკაშვილის მხარდასაჭერად. ასე რომ, ის არგუმენტები, რომ ჩვენ რაღაცას დავგეგმავთ, სრულიად აბსურდულია, უბრალოდ ჩვენ შევიკრიბებით სასამართლოსთან, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის ეპიზოდზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11.00 საათზე განახლდება.

XS
SM
MD
LG