Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აცრა აუკრძალოს


საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ დაუშვებელია სასულიერო პირმა, რელიგიური მოტივით, მორწმუნეებს აუკრძალოს კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო აცრა.

საპატრიარქოს მიერ 28 ნოემბერს, ღამით გავრცელებული განცხადების მიხედვით, აცრის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ასახულია სინოდის დადგენილებაში და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ ბოლო პერიოდში გამოხატული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ იმეორებენ, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა:

„ამდენად, დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა“.

ამასთან, საპატრიარქო აცხადებს, რომ „ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია“.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. ოფიციალური განცხადების თანახმად, სასულიერო პირების თვითნებობის შემთხვევაში, მრევლს შეუძლია მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლების ფონზე ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. იმუნიზაციის დაწყებიდან რვა თვეში აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 34.8%. ერთ-ერთი მოტივი, რომლის გამოც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, რელიგიურია. 3 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შექმნილ მძიმე ეპიდვითარებაზე ერთ-ერთ პასუხისმგებლად დაასახელა საპატრიარქო, "რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა". ქვეყანაში კოვიდით უკვე გარდაცვლილია 11 900-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG