Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ სახელმწიფო იღებს სააკაშვილის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე


„გაგიკვირდებათ და მე გეტყვით, რომ სახელმწიფო იღებს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცალოთ, როგორც თვლის საჭიროდ, ის ღონისძიებები გაატაროს“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია.

განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა:

„სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა. ასევე ძალიან კარგია, რომ ამას ჩვენ ვხედავთ. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. ეს, რაც ხდება, არ მიმაჩნია დარღვევად. კარგია, რომ ვხედავთო, ამას რომ ვამბობ, ნიშნავს იმას, რომ კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, რადგან ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იქნება“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზე გაგრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასამართლოში გადაყვანა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. საქალაქო სასამართლოს გარშემო ტერიტორია გადაკეტილია და შენობასთან არავის უშვებენ. ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG