„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? განვითარების ტემპი და დრაივი? სიახლე და აღმშენებლობა? სიყვარული და სითბო? გამარჯვების ზეიმი?“ - ამ კითხვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მოსახლეობას და დაამატა: „თუ მოგენატრათ, რაც ახლა ხდება ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ!“
სააკაშვილმა თქვა, რომ მან უკრაინაში დატოვა მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი პოსტი და დაბრუნდა სამშობლოში:
„მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში [უკრაინაში] იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, რომელშიც შედიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელი რეფორმების მომზადებით“, - ამბობს სააკაშვილი და ამატებს: „ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი - დროებით, ყოველ შეთხვევაში - და ჩამოვედი. ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება გზაში მოვეკალი ან ზვიად გამსახურდიასავით ჩამოსვლისას მოვეკალი“.
მისივე მტკიცებით, საქართველოში დაბრუნების მიზეზი ქვეყნის „გიჟივით“ სიყვარულია.
„ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო - ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავთ. ჩვენი ერი კარგავს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე. ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.
დაწერეთ კომენტარი