Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა და ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ელიეშვილმა არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პრეტენზია, სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვრცელი სიტყვის გამო და მიხეილ სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა.

ბრალდების მხარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე იმყოფება არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც ბრალდებულის სტატუსით და მოუწოდა სასამართლოს, მიხეილ სააკაშვილისთვის შეეხსენებინა მისი სტატუსი:

„20 წუთია ვუსმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ, 7 ნოემბრის საქმეზე. იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, ბრალდებულის სტატუსი აქვს და დავიცვათ საპროცესო ნორმები და პროცესს დავუბრუნდეთ. ან გონივრული დრო მიეცეს. 20 წუთი, მგონი, გონივრული დრო იყო და რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს?“, - თქვა ბრალდების მხარემ.

მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებით, ბრალდებულს აქვს ვრცელი სიტყვის წარმოთქმის უფლება, რადგან სასამართლო წლების განმავლობაში დაუსწრებლად განიხილავდა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს და შესაბამისად, სააკაშვილს უნდა მიეცეს განცხადების გაკეთების საშუალება:

„ამაში მას საათობრივად ჩვენ ვერ შევზღუდავთ, რადგან კანონი ასეთ შემთხვევაში, როგორც ბრალდებული პირის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლებას, რომ ილაპარაკოს და განცხადებისთვის რეგლამენტსაც ვერ დავაწესებთ. ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად ნაკრები გამოდის ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიციის და რა თქმა უნდა, როგორც ბრალდებული პირის განცხადების. შესაბამისად, შეგიძლია გააგრძელოთ“.

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მადლობა გადაუხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

XS
SM
MD
LG