Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 პირი დააკავეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე


თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შსს, რომელიც სპეციალური საშუალებების გამოყენებასაც ადასტურებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ „საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების
კანონით დასაშვებ ნორმებს“
და „აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“.

კონკრეტულად რომელი სპეციალური საშუალებები, შსს-ს არ ასახელებს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შსს-ს განცხადებითვე, სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს და არ დაემორჩილნენ გზის გახსნისკენ პოლიციის მოწოდებებს.

პოლიციის მიერ დაკავებულ 15 პირს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება თავად სააკაშვილი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული. სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG