Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარში აშშ-თალიბანის მოლაპარაკებამდე თალიბანი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა


თალიბანის დელეგაცია დოჰაში. 2021 წ. 12 ოქტომბრის ფოტო.
თალიბანის დელეგაცია დოჰაში. 2021 წ. 12 ოქტომბრის ფოტო.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ გასული კვირის ბოლოს კატარში ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე თალიბანმა ავღანეთის აეროპორტების მართვაში დახმარება ითხოვა. შეხვედრაზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეიძლება კვლავ აამოქმედოს ავღანეთის დამატებითი დაფინანსება, თუკი თალიბანი მისთვის წაყენებულ პირობებს შეასრულებს.

ორდღიანი მოლაპარაკებები წინ უძღოდა დაგეგმილ ორკვირიან შეხვედრებს აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც 29 ნოემბერს იწყება კატარის დედაქალაქ დოჰაში.

საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ავღანეთის ახალ მმართველებს მას შემდეგ, რაც თალიბანმა 15 აგვისტოს დაამხო ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.

ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ ავღანეთს შეუწყდა საერთაშორისო დაფინანსების უდიდესი ნაწილი და განვითარების სფეროს დახმარება, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის პირობებში აღმოჩნდა. გაიყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც. გაეროს თანახმად, ამის გამო ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას იმყოფება, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვების დეფიციტი ემუქრება ზამთარში.

ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დოჰაში გამართულ შეხვედრაზე თალიბანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამირ ხან მუტაყი, შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ევროკავშირის მხარეს ხელმძღვანელობდა საგანგებო ელჩი ავღანეთის საკითხებში, ტომას ნიკლასონი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ჰუმანიტარულ, საერთაშორისო პარტნიორობისა და მიგრაციის საკითხებს განაგებენ.

„დიალოგი არ გულისხმობს ევროკავშირის მიერ [თალიბანის] მთავრობის აღიარებას. ისაა ევროკავშირის საოპერაციო საქმიანობის ნაწილი, რომელიც ევროკავშირისა და ავღანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს,“ ნათქვამია EEAS-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG