Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ [„ოცნების"] შიშს და გარდაუვალ დამარცხებას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბრუნების შემდეგ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილობით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესს. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველად დაესწრო მისი საქმის განხილვას.

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, "ქართული ოცნება" დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მმართველ პარტიის რიგებში შიში დაინახა.

„რაც არ უნდა ქნას "ოცნებამ", დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!", - აღნიშნავს სააკაშვილი.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

XS
SM
MD
LG