Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა


საკალათბურთო ნაკრები დამარცხდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი თამაში წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, სტუმრად დამარცხდა ჯგუფის უმთავრეს ფავორიტთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან, ანგარიშით 61:89.

საქართველოს ნაკრებს, უკრაინასთან სამი დღის წინ მოგებული მატჩის განაცხადიდან, აკლდნენ თორნიკე შენგელია და მერაბ ბოქოლიშვილი, რამაც ისედაც გადახალისებული შემადგენლობა კიდევ უფრო შეასუსტა და ზუროსის გუნდმა ძლიერ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს ორი მოგებით ესპანელები ლიდერობენ. საქართველოსა და უკრაინის ანგარიშზე თითო მოგებაა. ჯგუფის აუტსაიდერმა ჩრდილოეთ მაკედონიამ კი ორივე თამაში წააგო. პირველ ტურში შინ ესპანეთთან და შემდეგ, სტუმრად, უკრაინასთან.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ოთხგუნდიან ჯგუფში სამეულში მოხვედრაა საჭირო.

მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები თებერვალში გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 24 თებერვალს - თბილისში, ხოლო 27-ში - სკოპიეში. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი თამაში კი ივლისში შედგება. 1 ივლისს - სტუმრად უკრაინასთან და 4-ში - შინ ესპანეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG