Accessibility links

site logo site logo

ვანო მაჭავარიანი: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იქნება ლაკმუსის ტესტივით


ვანო მაჭავარიანი, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" ექსპერტი.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი ვანო მაჭავარიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ პროცესი იქნება ერთგვარი ლაკმუსის ტექსტი საქართველოს სასამართლოს შესაფასებლად:

„იმედია, რომ სასამართლო, მთელი რიგი შენიშვნების შემდეგ, გაითვალისწინებს, რომ ძალიან დიდი მასშტაბის არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკაში, როგორც ქვეყანაში, ისევე რეგიონში და ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს თუ არ მოსწონდეს, ფაქტია რომ მისი ფაქტორი და მისი სასამართლო იქნება მართლა ლაკმუსის ტესტივით, როგორც იყო, მაგალითად, მისი ჩამოსვლა და ის, რაც ვნახეთ ჩვენ - მისი საპყრობილეში მოპყრობა იყო ძალიან სერიოზული შეშფოთების საგანი. და აქ უბრალოდ დავინახავთ მართლა რაღაც "შოუ ქეისს", როგორც იტყვიან, ფაქტიურად სანიმუშო სასამართლო [იქნება] იმისი, თუ რამდენად საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იმსახურებს იმ კრიტიკას, რომელიც მოდის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვანო მაჭავარიანმა. მისი შეფასებით, საზოგადოებას წინ ელის გრძელი „რეალიტი შოუ“ სასამართლო დარბაზიდან:

„ის [მიხეილ სააკაშვილი] მე მგონი დადგამს ძალიან მნიშვნელოვანს მისთვის პერფორმანსს, პოლიტიკურს. რაც მნიშვნელოვანია, ის არ აპირებს დანებებას და ჩვენ ვიხილავთ ძალიან გრძელ, ასე ვთქვათ, გრძელ "რეალიტი შოუს" გარკვეულწილად სასამართლო დარბაზიდან, რაც ასევე ქართული საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. მთავარია, რომ ეს არ გასცდეს რაღაც ფარგლებს ნორმალურობის და არ გადავიქცეთ ჩვეულებრივ დიქტატორულ სახელმწიფოდ დიქტატორული პროკურატურით, დიქტატორული სასამართლოთი, რომელშიც უკვე წინასწარ არის განსაზღვრული მისი სასჯელი, მიუხედავად შიდა თუ გარე ზეწოლისა და ყურადღებისა, რომელიც ამ სასამართლოს მიმართ არის“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“.

გადაცემაში ვანო მაჭავარიანმა გამოთქვა ეჭვიც იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო სხდომებს აღარ დაასწროს. „იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ მას გააზრებული ექნება შემდეგი ნაბიჯები, როგორ უნდა დაიცვას თავი და რა პოლიტიკური განცხადებები უნდა წარმოაჩინოს“.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG