Accessibility links

site logo site logo

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლატვიაში განიხილავენ რუსეთის ნაბიჯებს და მიგრანტთა კრიზისს


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 30 ნოემბერს ლატვიაში განიხილავენ უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას და მიგრანტთა კრიზისს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე, რომელსაც მოსკოვის მოკავშირე, ბელარუსი უწყობს ხელს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო და გამოვიდა გაფრთხილებით "შედეგების" შესახებ, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. მან სააგენტო "ფრანს პრესს" უთხრა, რომ რუსეთის მიზნები ბუნდოვანია. რიგაში გამართული შეხვედრის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, იქნება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის დამატებითი მხარდაჭერის გამოყოფის და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან ნატოს ძალების გაძლიერების საკითხები.

უკრაინა, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს, ორდღიან შეხვედრაზე თავის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას გზავნის. კულებამ 29 ნოემბერს საერთაშორისო მედიას უთხრა, რომ სიტუაცია "ძალიან სერიოზულია" და რუსეთის შესაკავებლად უმჯობესია ახლა ვიმოქმედოთ და არა გვიანო.

მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ პოტენციურ გეგმებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეჭრას გადაწყვეტს. ალიანსი ცდილობს კრემლს აჩვენოს, რომ უკრაინისთვის საფრთხის შექმნისთვის მას მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს და ასევე მიზნად ისახავს, არ მოხდეს მოსკოვის პროვოცირება შემდგომი აგრესიისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG