Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას მიერ სააკაშვილის საქმის პროკურორის შესაძლო შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, ადვოკატ ნიკა გვარამიას მიმართვას.

პროკურატურის თანახმად, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, „ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა".

თუმცა, როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, 30 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადვოკატ ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.

პროკურატურის განცხადებას „ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.

„რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს. გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ", - წერს გვარამია.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG