Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ „TV პირველის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, შეიწყალოს ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა მსჯავრდებული.

„რახან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად ხო?! ხმა აღარ უნდა ამოვიღო ხო?! რახან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ?! ვაი, მართლა, თქვენს პატრონს, საით მიაქანებთ საქართველოს, თქვე საცოდავებო. ზუსტად ამის მსხვერპლი არის ჩემი შვილი, მეტი არაფრის. ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი, მეტმა არაფერმა, - თქვა ზაზა სარალიძემ და განაგრძო, - მე დღეს ის ბიჭები მეცოდება სულყველა. მე ბოლო სასამართლო სხდომაზეც დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: გამოუშვას სულყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, რომ 15 წლის შემდეგ მაინც უნდა აპატიო. რატომ? დღესვე ვაპატიებ. რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა მე ის ბავშვები და მათი მშობლები არ მეცოდებიან?! ბოლო სასამართლო სხდომაზე პირდაპირ ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულყველა. გამოუშვან კალანდიაც. გამოუშვან ეს ბიჭიც, არ მიუსაჯონ. აღარ არიან ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე. ზაზა სარალიძეს რას ეტყვიან, აღარ მაინტერესებს, მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ, ფხაკაძეს, გუგუშვილს და ფიფიას, სანამ ცოცხალი ვიქნები, არაფერს ვაპატიებ. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდათ ისინი მოდით, ვინც გაგიხარდებათ. არავის არ გაპატიებთ ჩემი შვილის და ცოლის ხელახალ ცრემლებს“.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG