Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ნატოს მოუწოდებს "შემაკავებელი პაკეტი" მოამზადოს რუსეთის წინააღმდეგ


დმიტრო კულება
დმიტრო კულება

უკრაინა ნატოს სთხოვს გააძლიეროს კიევთან სამხედრო თანამშრომლობა და მოამზადოს სანქციები და სხვა ზომები, რათა რუსეთი შეაკავოს მის მეზობელზე თავდასხმისგან - იმ ფონზე, როცა ლატვიაში გრძელდება ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეულ შეშფოთებას.

"მოკავშირეებს მოვუწოდებთ უკრაინას შეუერთდნენ შემაკავებელი პაკეტის მომზადებაში", - უთხრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს 1 დეკემბერს, როცა რიგაში ჩავიდა ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად. ნატომ უნდა გააძლიეროს სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობა კიევთან და მოამზადოს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდება მისი მხრიდან "ყველაზე ცუდი სცენარის არჩევის შემთხვევაში", - თქვა კულებამ.

შეხვედრის პირველ დღეს, 30-წევრიანმა ალიანსმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ის მძიმე საფასურს გადაიხდის უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი აგრესიისთვის, მოსკოვმა კი დასავლურ სამხედრო ალიანსს უთხრა, არ გადაკვეთოს "წითელი ხაზები".

უკრაინა, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება - აცხადებს, რომ რუსეთი ათი ათასობით სამხედროს და მძიმე შეიარაღებას ინარჩუნებს ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე, მას შემდეგ, რაც დასავლეთ რუსეთში მიმდინარე წელს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა - რაც ზრდის შიშებს შესაძლო შეჭრის შესახებ.

რუსეთმა 2014 წლის მარტში უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და მხარს უჭერს სეპარატისტ მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში, კვლავაც მიმდინარე კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ ემსხვერპლა 13 200-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვი უარყოფს თავდასხმის გეგმის ქონას და კიევს და მის დასავლელ მხარდამჭერებს ადანაშაულებს დაძაბულობის გაზრდაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG