Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 80,5 მლნ დოლარის გადახდა ეკისრება


"ხრამჰესი"
"ხრამჰესი"

რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სარჩელის საფუძველზე საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა ეკისრება.

რადიო თავისუფლებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ 2021 წლის 19 აპრილს სტოკჰოლმის არბიტრაჟმა საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ „გარკვეული კომპენსაციის“ გადახდა დააკისრა.

ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, „ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე".

მანამდე რუსეთს ტელეკომპანია „Россия 24“- მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, წერტილი დაესვა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის ენერგეტიკულ სფეროში არსებულ მრავალწლიან დავას.

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული კომპანიის მხარე დაიჭირა. სამი ცნობილი საერთაშორისო არბიტრი კანადიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტებს და დაადასტურა 80 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლება ", - აღნიშნავდა ტელეარხი.

იუწყებოდნენ, რომ კომპენსაციის ოდენობა 2022 წლის მარტისთვის გადაიხედება და სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

„თუ საქართველო რუსეთისგან მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდის, საზღვარგარეთ მის ანგარიშებსა და საკუთრებას შესაძლოა ყადაღა დაედოს“, - წერს „Россия 24“.

2017 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Inter RAO Gardabani Holdings-ის შვილობილმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა. კომპანია ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს და ასევე Silk Road Holdings ფლობს, რომლის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია თელასის 75 პროცენტი. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

რუსულ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.

კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG