Accessibility links

site logo site logo

განათლების მინისტრი: 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით


"პირველად ქართული განათლების სისტემის ისტორიაში უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტების მიხედვით, ავტორიზაციის პროცესს, რაც შედეგად მოიტანს, ზოგადო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლამდე დასრულებული იქნება“, - თქვა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2020-2021 წლებში უნდა ჩატარებულიყო. პროცესი 2026-27 წლებისთვის გადავადდა არგუმენტით, რომ მიზანშეწონილია "საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყოს მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლები თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან და მინიმუმამდე შემცირდება ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ხელისშემშლელი გარემოებები." ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში ეწერა, რომ: "ვინაიდან, სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლომდე და ამასთანავე, ამავე პერიოდს უკავშირდება სკოლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, მნიშვნელოვანია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული პერიოდი შეიცვალოს 2026-2027 სასწავლო წლით."

ავტორიზაცია გულისხმობს სკოლის შესაბამისობის დადგენას შემდეგი სტანდარტების მიმართ:

  • საგანმანათლებლო პროგრამები;
  • მატერიალური რესურსი;
  • ადამიანური რესურსი.

განათლების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა იმაზეც, რომ დაწყებულია სკოლების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე მუშაობა და იქმნება ასევე რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები – ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG