Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ვაჟმა და დედამ მოინახულეს


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსს გადის, დღეს მისმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა და დედამ გიული ალასანიამ მოინახულეს.

კლინიკის დატოვების შემდეგ მედიასთან საუბარში ედუარდ სააკაშვილმა თქვა, რომ მამასთან პოლიტიკაზე თითქმის არ უსაუბრია. ისაუბრა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სურვილზე, დაესწროს 2 დეკემბრის სასამართლო სხდომას.

„ცოტა სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს პროცესს და მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე დიდად არ გვისაუბრია, სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს“,- თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი „სუსტად არის, ძირითადად ზის“. მისი სიტყვებით, 29 დეკემბრის სასამართლო სხდომის შემდეგ ღელავდა, ვინაიდან შიმშილობის შემდეგ მას ხანგრძლივად მოუწია ფეხზე დგომა.

გიული ალასანია აპირებს 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს.

„მისი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, ბევრი ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, იმ გამოსვლის, იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის აღარ უნდა დარჩეს. განწყობილია, რომ იყოს ხვალ პროცესზე“,- თქვა გიული ალასანიამ.

მისი სიტყვებით, შეხვედრის ძირითადი დრო სააკაშვილმა ვაჟთან საუბარში გაატარა. გიული ალასანიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობენ ედუარდ სააკაშვილის განცხადებებზე, რომელზეც მან რადიო თავისუფლების ვიდეოსიუჟეტში ისაუბრა.

ედუარდი ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც ფეისბუკშია, რაც გამოსვლებში და მისი მოგონილი არაფერი არ იყო. როგორც ჩანს, ვიღაცისგან ეს მოისმინა და აკეთებს მერე ანალიზს. ის არ ცხოვრობს საქართველოში, მრავალი წელია, წასულია. ხან ამერიკაში სწავლობდა, ახლა უტრეხტშია, ჰოლანდიაში და თავის შეხედულებები აქვს, თავისი აზრი აქვს, ასე რომ, ბუნებრივია. რომელ პოზიციას ვიზიარებთ? ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი აზრი“, - თქვა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უფინანსდებოდა თუ არა ბიუჯეტიდან ედუარდ სააკაშვილს სწავლის საფასური, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„სრულიად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე, ის კი არა, ადამიანი მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ასეთი ადამიანია და ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა და ახლა სწავლის ფული?! რას ლაპარაკობთ?!“- განაცხადა გიული ალასანიამ.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაიმართება.

ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე სასამართლოში განხილვები წლებია გრძელდება და პროცესი ახლა მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა გადასული.

მიხეილ სააკაშვილი "დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა" და "7 ნოემბრის საქმეზეა" ბრალდებული და სასამართლოს ამ საქმეებზე გადაწყვეტილება გამოცხადებული არ აქვს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG