Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მიმდინარეობს ჩხრეკა უფლებადამცველებთან, აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან


ბელარუსში დილიდან მიმდინარეობს უფლებადამცველების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების ჩხრეკა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“ იტყობინება. ჩხრეკა ტარდება მინსკში, გომელში, გროდნოში, ბრესტში, ვიტებსკში, კრიჩევში, შეჩიცეში, მოზირში. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ეს არასრული სიაა.

მოზირში ჩხრეკისთვის მივიდნენ უფლებადამცველ ვლადიმირ ტელეპუნთან. მილიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი აგარაკი, ამის შემდეგ მის ბინაში გაემგზავრნენ. ჩხრეკისას ამოიღეს არა მოწყობილობები, არამედ მხოლოდ უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ სამკერდე ნიშნები, წიგნები, ღია ბარათები და პლაკატები.

ვიტებსკში გაჩხრიკეს აქტივისტები ვლადიმირ კიიკო და ნიკოლაი კაჩურეცი. კრიჩეველი ჟურნალისტი სიარჰეი ნეროვნი დაკითხვაზე წაიყვანეს მას შემდეგ, რაც მასთან ჩხრეკა ჩატარდა „უცნობი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში“. გარდა ამისა, უფლებადამცველთა ინფორმაციით, საფინანსო გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჟურნალისტი ვალერია ლეპეშევა.

გომელში ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე წაიყვანეს ჟურნალისტი ლარისა შჩირიაკოვა. ჩხრეკა დილის 7 საათზე დაიწყო და საათნახევარი გასტანა, იტყობინება ტელეარხი „გომელსაკია ვიასნა“. ჟურნალისტს ჩამოართვეს ტელეფონი, აპარატურა, ციფრული ინფორმაციის შესანახი საშუალებები. შემდეგ ის დაკითხეს საფინანსო გამოძიების დეპარტამენტში. მან უარი განაცხადა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. შჩირაკოვა გააფრთხილეს საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების თაობაზე პასუხისმგებლობის შესახებ.

ასევე გომელში ჩატარდა გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის აქტივისტის, ვასილ პალაიაკოვის ჩხრეკა, იტყობინება პარტიის გვერდი ფეისბუკში.

Telegram-ის არხი „გროდნა ლაიკი!“ იტყობინება, რომ დილით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს გროდნოელ ჟურნალისტ ნადეჟდა ვიტინასთან. ის დაკავებულია როგორც მოწმე „საქმეზე, რომელშიც ფიგურირებს მისი პირადი მიმოწერა“.

გარდა ამისა, როგორც უფლებადამცველები იტყობინებიან, მინსკში ჩხრეკა მიმდინარეობს მინიმუმ ათი ადამიანის ბინებში. რასთანაა დაკავშირებული ბელარუსში ფართო მასშტაბის ჩხრეკები, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG