Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი პასუხობს კითხვას, რატომ ჰყავს ათასზე მეტ სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი


განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი პანდემიით და სტანდარტის შემუშავების აუცილებლობით ხსნის იმას, რომ ათასზე მეტ სკოლას დირექტორის ნაცვლად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს და სამინისტროს ახალი დირექტორების შესარჩევი კონკურსი ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული.

კითხვა მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შესახებ ოპოზიციური ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრმა გიორგი ვაშაძემ დაუსვა:

„რითაც გამოირჩევა განათლების სამინისტრო, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება, სწორედ ამაზე მაქვს კითხვა, რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი, რა მოხდა ისეთი, რომ ვერაფრით ვერ დაინიშნნენ ეს ადამიანები. მე გეტყვით, რაც. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ნიშნავთ მათ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ; აშანტაჟებენ, რომ თუ პოლიტიკურად არ ჩაერთვებიან არჩევნებში, დაკარგავენ თანამდებობას.

რა გახდა, რომ ყბადაღებული თემა ქვეყანაში დაიხუროს, რომ სკოლის დირექტორები მუდმივად მოვალეობის შემსრულებლებად არ მუშაობდნენ, აღარაფერს ვამბობ ია კერზაიას საქმეზე, ეს არის მაგალითი, სადაც მთელმა საქართველო დაინახა, რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლას უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების შესახებ ინფორმაცია და მითხარით, რატომ ვერ ნიშნავთ და რატომ არ აცხადებთ კონკურსს?“, – მიმართა ვაშაძემ მინისტრს.

ჩხენკელი უარყოფს განათლების სისტემაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამბობს, რომ კონკურსი დირექტორებისთვის მომავალ წელს გამოცხადდება.

„პირველი მიზეზი, რატომაც გადაიდო დირექტორების კონკურსი, გახლავთ პანდემია. ხოლო მეორე - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული ტიპის სკოლის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ სტანდარტების შემუშავება 2021 წელს დასრულდა და 2022 წელს კი დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, - ასე უპასუხა მიხეილ ჩხენკელმა გიორგი ვაშაძის კითხვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG