Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ თამლიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - ბრალდებულმა შიმშილობა გამოაცხადა 


ბესიკ თამლიანი
ბესიკ თამლიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ბესიკ თამლიანს. ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას აცხადებს.

პროკურატურამ ბესიკ თამლიანს ბრალი 30 ნოემბერს წარუდგინა, სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ის გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

პოლიციამ თამლიანი დააკავა 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე.

29 ნოემბერს პოლიციამ საქალაქო სასამართლოსთან სულ 15 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თამლიანის გარდა, ყველა მათგანს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ედება ბრალად.

ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამლიანი 55 ნომერი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG