Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, ის ჩანაცვლდება


„ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც კომპეტენციის ზღვარი ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსის გზით ჩანაცვლდებიან.

"ეს გამოცდა იყო მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი, სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი სკოლებში.

გეტყვით, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს:

ჩემის ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც, მინიმუმ, კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება.

ადამიანურად მე მესმის, არავის უხარია, ვიღაც რომ ჩაიჭრება გამოცდაზე, მაგრამ თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვს უკვე ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი“, – განაცხადა ჩხენკელმა. მინისტრი ფიქრობს, რომ მოქმედი მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის შემდეგ არ გაჩნდება ახალი კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლობის მსურველი ბევრია. მისივე თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც უნივერსიტეტებში გაიარეს 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგებისთვის, დააფიქსირეს სურვილი, რომ შემოვიდნენ სასკოლო გარემოში.

„ეს ჩვენ ძალიან გვიხარია, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით. ხელფასები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, იმისთვის, რომ მასწავლებლის პრესტიჟი ქვეყანაში გაიზარდოს. შედეგად გვაქვს მკვეთრი ზრდა პროფესიაში შემოსვლის მსურველების…

შესაბამისად, კონკურსების საფუძველზე, და კონკურსი იქნება საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული, ჩვენ გვეყოლებიან ახალი მასწავლებლები იმ ადგილებზე, რომელიც გათავისუფლდება, იქიდან გამომდინარე, რაც გითხარით, და შესაბამისად, ესეც არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, სკოლებში ხარისხის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ჩხენკელმა.

2021 წელს 6 878 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, საკუთარ საგანში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა, უნარებში - 2 365-მა. სულ საქართველოში 7 231 პრაქტიკოსი მასწავლებელია 2021 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით. ამ დროისთვის არსებული მოცემულობით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, შემოდგომის სემესტრის დასრულების შემდეგ სისტემას დატოვებენ და ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან. მასწავლებელთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და აქციებს მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG