Accessibility links

site logo site logo

სოხუმში სროლის შემდეგ დაკავებულია ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია დააკავეს, სოხუმში მომხდარი სროლის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ. ინციდენტი 2 დეკემბერს, ღამით მოხდა სოხუმის ახალ მიკრორაიონში. აგრბას თანახმად, სროლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

მანამდე, სოციალური ქსელებით გავრცელდა მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მასობრივი ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი სამართალდამცავები სოხუმელი ანჟელა ბრანძიას სახლში მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.

ანჟელა ბრანძიასა და კიდევ ერთი ქალის, ლოლიტა ხალვაშის წინააღმდეგ საქმეა აღძრული ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფისთვის. საქმის საფუძველია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ანონიმი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კომენტარები.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ვალერი აგრბას ინფორმაციით, დეპუტატებს მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომ ანჟელა ბრანძიას სახლში სამართლდამცავები სასამართლოს სანქციის გარეშე მივიდნენ. აგრბას თანახმად, როცა მილიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებდნენ, ბრანძიას სახლში გინებით შეიჭრა რამდენიმე პირი, ერთმა კი, იარაღიდან ისროლა.

ინციდენტის შემდეგ, წუხელ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბა ათეულობით ადამიანი, რომლებიც დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის, „აიდგილარას“ თავმჯდომარემ, კან ქვარჩიამ შეკრებილებს აცნობა, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიმართავს და მოუწოდა, რომ დილამდე დაშლილიყვნენ.

2 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა დმიტრი დბარი, რომლის გადადგომას სოხუმში, 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოითხოვდნენ ადგილობრივი ოპოზიციის და ვეტერანთა გაერთიანების წარმომადგენლებლები.

30 სექტემბერს, როცა აფხაზეთში აღნიშნავდნენ 90-იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტში „გამარჯვების დღეს“, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, გარი კოკაიამ სანაპიროზე, პისტოლეტიდან ჰაერში რამდენჯერმე ისროლა. სროლის დროს ახლომდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი „კოლეგა“ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ანატოლი ბიბილოვი.

როგორც სოხუმიდან იუწყებოდნენ, კოკაია არ დაემორჩილა ადგილზე მისული, დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლების და უწყების ხელმძღვანელის, დმიტრი დბარის მოთხოვნას, იარაღის ჩაბარების შესახებ. კოკაიას მხარდასაჭერად კონფლიქტში ჩაერთნენ მისი თანასოფლელი ვეტერანები სოფელ აძუბჟადან. დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა. ვეტერანთა გაერთიანებამ სამართალდამცავები დაადანაშაულა მათი წევრების სასტიკად ცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG