Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დიდი დიღმის აქციაზე ოთხი პირი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისათვის, აქცია დასრულებულია. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და დიდი დიღმის მკვიდრი, ანა ბაიდაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ტერიტორიიდან გავა სამშენებლო ავტომობილი, შემდეგ კი შედგება შეხვედრა ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფსა და ფედერაციას შორის:

„მოვილაპარაკებთ და თუ ისევ იმავეს გაიმეორებენ, ორჯერ ბევრი ხალხი მოვა. დღეს ხომ ოთხი ბიჭი წაიყვანა პოლიციამ, მომავალში რვა ბიჭს წაიყვანენ. ამ ტერიტორიას ასე ვერ დავთმობთ“.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფეხბურთის სტადიონს, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან იგეგმება, ადგილმდებარეობა შეეცვალოს.

აქცია დიდ დიღომში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 3 დეკემბერს, ტერიტორიის შემოსაღობად და მშენებლობის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან მდებარე მწვანე სივრცე სტადიონის ასაშენებლად ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, 2020 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. მას შემდეგ ადგილობრივებმა არაერთი აქცია გამართეს.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინანსებით განხორციელდება. 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე პროტესტის გამო ვერ იწყება, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

სადაო ფართობის ზომა 10 589.0 კვადრატული მეტრია.

2021 წლის 24 მაისს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილ საჩივარში ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ სტადიონის პროექტი არ სცემდა პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  • რამდენად არის გათვალისწინებული პროექტში ობიექტზე მისადგომობა (იგეგმება სატრანსპორტო კვლევა და სატრანსპორტო ოთხი სქემა);
  • რამდენად არის აღჭურვილი უსაფრთხოების მხრივ და დღევანდელი კანონის შესაბამისად ძირითადი შენობა, რომელიც ემსახურება პროექტის მიხედვით მსაჯების, მწვრთნელების და მოთამაშეების სივრცეებს;
  • მოხდა თუ არა სპეც-ტექნიკით და სპეციალისტების მიერ ამ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების გადარგვა და თუ მიმდინარეობს ამ ნარგავების მოვლა;
  • არსებობს თუ არა ამ ტერიტორიის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა);
  • არსებობს თუ არა არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა იმის შესახებ, რამდენად სრულად არის შესრულებული პროექტი.

XS
SM
MD
LG