Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებმა ზუგდიდში შიმშილობა შეწყვიტეს - მათი ჯანმრთელობა გაუარესდა


აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნანული ბებიას შვილმა, ნინო ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 3 დეკემბერს, შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს აქციის მონაწილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდათ.

„საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფომ და იქ გადასხმა გაუკეთეს ოთხივეს. ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან ვთხოვდით მათ შიმშილობის შეწყვეტას და დღეს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ შეწყვიტეს შიმშილობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნა არ შესრულდა“, - ამბობს ნინო ბებია.

მისივე ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია ოთხივე მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ შორის, 63 წლის ქეთევან ინალიშვილის, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი.

ნინო ბებია განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებმა ახალი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და გამოხმაურების იმედი აქვთ.

ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ოთხმა დევნილმა, მძიმე პირობების გამო, სახელმწიფოსგან ახალი ბინით დაკმაყოფილებას მოთხოვნით შიმშილობა ყოფილი საავადმყოფოს ეზოში, პოლიეთილენის პარკებით და ძველი ფიცრებით შეკრულ ფარდულში დაიწყო.

ისინი მიიჩნევენ, რომ ნოემბერში, დევნილთა განსახლების მორიგ ეტაპზე, სახელმწიფომ უსამართლოდ გაანაწილა ახალი ბინები და დაპირების მიუხედავად, ისინი უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობაში დატოვა.

დევნილების ინფორმაციით, შენობაში არ არსებობს ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვის პირობა, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ეპიდემიის დროს. შენობის საერთო საპირფარეშოებში, მოუწესრიგებელი წყლის სისტემის გამო, ანტისანიტარიაა. წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

სააგენტოსგან წერილობით მიღებული პასუხის თანახმად, „ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG