Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელს მიაჩნია, რომ სააკაშვილი სანდო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს


„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იმ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რომელსაც ნდობა ექნება. მისი სიტყვებით, ასევე არ არის აუცილებელი, რომ პროცესის მიმდინარეობისას ის პატიმრობაში დარჩეს.

გიგი წერეთლის შეფასებით, სააკაშვილი რომ მოქმედი ხელისუფლების პოლიტპატიმარია, ეს თავად ხელისუფლებამაც დაადასტურა.

„ყველანაირი ეჭვი გაიფანტა პრემიერ-მინისტრის ცნობილი გამონათქვამების შემდეგ, როცა მან მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუკავშირა. როდესაც ორი მოცემულობა გაქვს - გყავს პოლიტპატიმარი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, რაზე უნდა იყოს საუბარი. ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარდგეს იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც ნდობა ექნება და აუცილებელი არ არის, ის ასეთი სასამართლოს წინაშე წარდგეს როგორც პატიმარი.

„საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართაც იყო სერიოზული ბრალდებები, მაგრამ მთავრობამ პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და სარკოზი არ მოათავსეს საპატიმროში, არ ექცეოდნენ უდიერად და ჰყავთ შინაპატიმრობაში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG