Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს


გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელდა მიმართვა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელშიც ის მადლობას უხდის ყველა ექიმს და ექთანს, კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის. ხოლო სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს - პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის.

„დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი... თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე - რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა. მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“.

მიხეილ სააკაშვილი ამავე მიმართვაში აღნიშნავს, რომ მისი გემა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რაც პრეზიდენტობის პერიოდში ვერ მოასწრო.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG