რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სამსახურმა (ВЦИОМ) გამოაქვეყნა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები შეკითხვაზე, თუ რა თემებზე მიიჩნევენ რუსები ხუმრობას დასაშვებად და რაზე - არა.
ამ გამოკითხვით, რუსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ხუმრობა ეკლესიაზე, ეროვნებასა და რუსეთის ისტორიაზე. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მტკიცებით, გამოკითხულთა 80%-მა მათ უთხრა, რომ დაუშვებელია ეკლესიაზე ხუმრობა, 69%-ის აზრით, ეს დაუშვებელია „სხვადასხვა ხალხის ეროვნულ თავისებურებებზე და ტრადიციებზე“ და ასევე, „რუსეთის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიაზე“.
სამაგიეროდ გამოკითხულთა უმრავლესობა (69%) დასაშვებად მიიჩნევს ხელმძღვანელზე, ოჯახურ ურთიერთობასა (63%) და ქვეყნის წინაშე მდგარ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ხუმრობას.
რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური ამტკიცებს, რომ რუსების 77% უარყოფითად ეკიდება „შავ იუმორს“, როგორადაც სახელმწიფო სოციოლოგების თანახმად, მიჩნეულია „სიკვდილის, ძალადობისა და ავადმყოფობის მასხრად აგდება“.
რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მიმართ ნდობა რუსეთში დაბალია, რადგან მისი მონაცემები მკვეთრად განსხვავდება დამოუკიდებელი („ლევადა-ცენტრის“) და უცხოელი სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებისგან. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის საქმიანობა რუსების რეალური განწყობების გარდა, კრემლის განწყობას და იმ კურსს ასახავს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს.
დაწერეთ კომენტარი