Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: სააკაშვილი არის შურისძიების მსხვერპლი


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა. კლინიკაში შევლამდე მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მიხელ სააკაშვილი არის შურისძიების მსხვერპლი და ის ბოლომდე იბრძოლებს მისი უფლებების აღსადგენად.

„ამ ქვეყანაში უფლებებიც იქნება გათელილი, არჩევნებიც არ იარსებებს, ადამიანების გაჭირვების მიმართ ყველა იქნება გულგრილი, სანამ ეს პოლიტიკური სისტემა იარსებებს და არ გვეყოლება ლეგიტიმურად, სამართლიანად არჩეული ხელისუფლება. ამიტომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების ამოცანა არის ძალიან მწვავე, აქტუალური, მნიშვნელოვანი და ჩვენ, რა თქვა უნდა, ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას. არის ასევე შუალედური უმნიშვნელოვანესი ამოცანებიც, რაზეც ჩვენი კოალიციური პარტნიორები საუბრობენ - ეს არის ბარიერის საკითხი, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, სადაც ასევე თავხედურად იქცევა, სამწუხაროდ, ხელისუფლება და ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკითხი. იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს პირიქით შეურაცხყოფაა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისა, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია წინა ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლისგანაც არავინ და ვერავინ ვერ იქნება გულგრილი. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, დავასრულოთ შურისძიება. ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც, არის არა უბრალოდ საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ის, გამოეხმაურა ასევე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, სამოქალაქო შერიგებასთან დაკავშირებით.

შერიგება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში დავეთანხმებით და მე შიმშილობის დაწყების პერიოდში, მერეც, ახლაც, პირადადაც, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაშიც და საჯაროდაც ვამბობ, რომ მე მაქვს ბევრი განსხვავებული პოზიცია მიხეილ სააკაშვილისგან. ასევე ბევრი კითხვა. კითხვები, მათ შორის, სამართლებრივი, პოლიტიკური მის მიმართ, წინა ხელისუფლების მიმართ, არაფერს ვლაპარაკობ ამ ხელისუფლების მიმართ. ამის მიღმა ჩვენ უნდა ვიპოვით საერთო ეროვნული შეთანხმების საფუძვლები. შეთანხმების, რომელიც იდგება სამართლიანობაზე და არა შურისძიებაზე, სამართალზე და არა ძალადობაზე. შეთანხმება თამაშის წესებზე, რომ ადამიანი არის ფასეულობა, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა მისი პოზიციები. ამ ტიპის შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსისხლე მტრები კი არ ვართ, ეს ეხება ყველას, დღევანდელ ოპონენტებსაც. შიმშილობის დროს მქონდა საშუალება „ქართული ოცნებისთვის“ მეთქვა, რომ ჩემი ამოცანა არ არის, რომ ჩვენ მტრებად და ერთმანეთის მკვლელებად ვიქცეთ და ლექსო ლაშქარავას შემდეგ, ჩვენ ამ ზღვარს ძალიან საშიშად გადავედით და დიახ, ეროვნული თანხმობა არის უმნიშვნელოვანესი, დიდი ამოცანა, რომელსაც მე ვერ ვხედავ, სამწუხაროდ, რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ვერ ვხედავ პოლიტიკური პატიმრების და შურისძიების პირობებში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა, რომ მიხელ სააკაშვილი გამოვიდეს საპატიმროდან და წერტილი დაესვას შურიძიებას. „სააკაშვილი თუ გამოვიდა და ივანიშვილი თუ შევიდა არასამართლიანად ან კობახიძე თუ შევიდა, ამოცანა იგივე დარჩება. ჩემთვის არ აქვს გვარებს და სახელებს მნიშვნელობა“.

მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი არის შურისძიების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და იბრძოლებს მისი უფლებების აღდგენამდე.

ელენე ხოშტარიას თქმით, მიხელ სააკაშვილთან ისაუბრებს პოლიტიკურ ამოცანებზე, განსხვავებებზე. მისი თქმით, წლებია სააკაშვილი არ უნახავს, ზოგადად იშვიათად შეხვედრია მას. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მასთან მხოლოდ წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდა.

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 17 დღე იშიმშილა.

მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას მხარდაჭერისთვის მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 3 ნოემბერს დაწყებული შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG