Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო სასამართლო პროცესი ბლოგერ პალჩისის წინააღმდეგ, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება


ედუარდ პალჩისი
ედუარდ პალჩისი

6 დეკემბერს მინსკის საქალაქო სასამართლომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბლოგერ ედუარდ პალჩისის წინააღმდეგ, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს მასობრივი არეულობების ორგანიზებაში, სოციალური სიძულვილის გაღვივებასა და ბელარუსის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა საქმიანობაში.

პროცესზე „ექსტრემისტული ხასიათის მასალების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით“, მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

პალჩისი შარშან სექტემბერში დააკავეს და მას 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა მასობრივი შეკრების შესახებ კანონის დარღვევისთვის. პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, პალჩისს გათავისუფლების ნაცვლად, ხელისუფლებამ ახალი ბრალი წაუყენა მასობრივი არეულობისა და სოციალური სიძულვილის გაღვივებისთვის.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბლოგერს 12 წლით პატიმრობა ემუქრება. პალჩისი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

პალჩისი ერთ-ერთია იმ ასეულობით აქტივისტს, პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის, რომლების წინააღმდეგაც ხელისუფლებამ დაიწყო სამართლებრივი დევნა, 2020 წლის აგვისტოს სადაოდ ქცეული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღის ჩახშობის მიზნით.

ედუარდ პალჩისი ცნობილია იმით, რომ მის მიერ შექმნილი ინტერნეტ-რესურსები და მათ შორის ტელეგრამის არხი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან მოყოლებული მან რამდენჯერმე მოიხადა სასჯელი.

ამჟამად საპატიმროში მყოფი ბლოგერის ცოლს შეეძინა ქალიშვილი, თუმცა დედა და ახალშობილი, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდნენ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასულიყვნენ.

ევროკავშირმა და აშშ-მა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის დევნისა და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG