Accessibility links

site logo site logo

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" კახა ბექაურის განცხადებას ეხმაურება


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებას საგანგაშოდ მიიჩნევს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის". როგორც ის აღნიშნავს, კახა ბექაურის განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოს და პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროა, რომ მარეგულირებელი იმეორებს „ქართული ოცნების“ რიტორიკას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და კომისიის მოწოდება მედიის დარეგულირების შესახებ პირდაპირ თანხვედრაშია მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზნებთან თუ ინიციატივებთან. კომისიის გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს მთავარი წყარო არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს მმართველი პარტია თამაშობს. განცხადების თანახმად, ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალური გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მიიჩნევს, რომ საჭიროა მედიისათვის ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც დაიცავს მაყურებლის ინტერესებს, მას მიაწვდის მხოლოდ ფაქტებს და აღარ იქნება პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კახა ბექაურმა თქვა, რომ მსგავსი პოლარიზება, ასეთი სიძულვილის ენა, ასეთი დეზინფორმაცია ადრე მედიიდან არ მოდიოდა:

„შეიძლება, იყო გადაცდომები, მაგრამ დღევანდელი მედია რაც არის, პრაქტიკულად პოლარიზებულია და გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც შემდგომ იწვევს სხვა მედიასაშუალებების საწინააღმდეგო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG