Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ნახევარი წლის განმავლობაში პირველად დატოვა რუსეთი ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად


ვლადიმირ პუტინი და ნარენდა მოდი
ვლადიმირ პუტინი და ნარენდა მოდი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნახევარი წლის განმავლობაში პირველად დატოვა რუსეთი და გაემგზავრა ინდოეთში, სადაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნარენდა მოდის შეხვდა.

რუსეთის ლიდერთან ერთად სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრები. დელიში ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

რუსეთი და ინდოეთი რეგულარულად მართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და მანევრებს და იმედოვნებენ ამ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდისთან შეხვედრის დაწყების წინ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მოსკოვმა და დელიმ მანამდე ინდოეთისათვის ს-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. წინასწარი შეთანხმებით, პირველ კომპლექსებს ინდოეთი წლის ბოლომდე მიიღებს.

7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის ვიდეოკავშირის საშუალებით მოლაპარაკება გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ამ მოლაპარაკებამდე პუტინი ინდოეთიდან გამოემგზავრება.

მანამდე პუტინმა რუსეთი 6 თვის წინ დატოვა ივნისის თვეში, როდესაც შვეიცარიაში, ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სამიტი გაიმართა. მოელოდნენ, რომ პუტინი სექტემბერში ჩავიდოდა დუშანბეში, მაგრამ თვითიზოლაციაში აღმოჩნდა და ვიზიტი ჩაიშალა. წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე ეწვია ანექსირებულ ყირიმს, რომელსაც რუსეთი 2014 წლის გაზაფხულზე სამხედრო აგრესიის ფონზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ძალით, თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG