Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა ბელარუსის საზღვარზე და მიგრანტთა ბანაკებში


ლიეტუველმა კანონმდებლებმა გააგრძელეს საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ბელარუსის საზღვარზე და ბანაკებში, სადაც იმყოფებიან ბელარუსიდან ჩასული მიგრანტები, რათა ხელი შეუშალონ ბლოკის აღმოსავლეთი საზღვრებიდან მიგრანტთა შედინებას.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაამტკიცა ლიეტუვის პარლამენტმა, სეიმმა. ეს ზომა 14 იანვრამდე იქნება ძალაში საზღვართან 10-კილომეტრიან ზონაში და მიგრანტთა ბანაკებში.

საგანგებო ვითარების მიზანია „ხელი შეუშალოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლო პროვოკაციებს,“ განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დასავლეთსა და ბელარუსს შორის მწვავე დაპირისპირებაა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობის გამო. ევროკავშირის თქმით, ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ მიგრანტებს „იარაღად იყენებს“ სანქციებისთვის სამაგიეროს გადასახდელად და მათ ეხმარება ევროკავშირის წევრი ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიებზე გადასვლაში.

გასულ კვირაში ევროკავშირმა, აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ლუკაშენკასა და მის გარემოცვას სანქციების მეხუთე წყება დაუწესეს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის.

ჯერჯერობით ლიეტუვის ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა 4200-ზე მეტმა მიგრანტმა. ამავე დროს, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ათასობით მიგრანტი, რომლებიც დასავლეთში მოხვედრას ლამობენ, ბელარუსის მხარესაა საზღვრისპირა ბანაკებში მოთავსებული.

ბელარუსი აცხადებს, რომ ათასობით მიგრანტი უკან გააბრუნეს ახლო აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG