Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე ენმ-ს: საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს - მეგის ქარდავას


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული მედიკამენტის შესახებ.

„არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამაზე პასუხი უნდა აგო. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე ბრალი აქვს წაყენებული და სასჯელი უნდა მოიხადოს. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს - მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - მიმართა კახა კალაძემ ოპონენტებს.

კალაძე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და ციხეში მის ყოფნას ეხებოდა.

ფსიქიატრმა მარიამ ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ფარმაკოლოგიური წამება“. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაუნიშნეს ანტიფსიქოზური მედიკამენტი, რომელიც მას არ სჭირდებოდა.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ შეძლებდა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას, ამ მედიკამენტის მიღება რომ არ შეეწყვიტა ფსიქიატრების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილს ეს მედიკამენტი პირველად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისცეს უძილობასთან გასამკლავებლად. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი ჰყვება, როდის და რატომ დაეჭვდნენ პირველად ექიმები, როგორ მდგომარეობაში დახვდათ მათ მიხეილ სააკაშვილი, რა შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატი, რა თქვეს გორის ჰოსპიტლის ექიმებმა და თავად სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG