Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქიმიძე-დვალის სარჩელი


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა აქიმიძე-დვალის სარჩელი და ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა ტელეკომპანია რუსთავი 2. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სასამართლოსგან ითხოვდნენ ტელეკომპანიის 30-30%-იანი წილის დაბრუნებას, რომელიც 2004 წელს, მათი მტკიცებით, მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლის გამო გაასხვისეს. სასამართლომ გადაწყვიტა ასევე ყადაღა მოეხსნას ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის 60%-ს, რომელიც პროცესის მსვლელობისას იყო დაყადაღებული.

სხდომის დაწყებამდე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ როგორც იურისტი, ის დარწმუნებული იყო, რომ „ეს არის მოსაგები საქმე“.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ - "შოკში ვართ", - ასეთია მისი პირველი რეაქცია. ის ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ და დაწყებულ დავას ბოლომდე მიიყვანენ.

ჯარჯი აქიმიძე
ჯარჯი აქიმიძე

"ის, რაც იყო ჩვენი ყველაზე მყარი არგუმენტი, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ამაზე გვითხრა მოსამართლემ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. თურმე, ქიბარ ხალვაში, რომელიც თვითონვე აღიარებს, რომ ჩვენს მიმართ ძალადობა მოხდა, ჩვენ დღეს გვითხრეს, რომ თქვენს მიმართ ძალადობა არ მომხდარაო. ე.ი. თურმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ასე, თამაშ-თამაშით, ჩავაბარეთ ნომერ პირველი ტელევიზიის 60% რაღაც თეთრებად და მერე, სამაგიეროდ, ქიბარ ხალვაშმა 4 მილიონი ჩემოდნით მიუტანა ვანო მერაბიშვილს. და ამ ყველაფერზე მოსამართლემ თქვა, რომ ეს ყველაფერი პატიოსანი საქციელიაო. მართლა გეუბნებით, ჩვენი ყველაზე სუსტი წერილი იყო ხანდაზმულობა და ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსამართლე ამ საკითხს გამოიყენებდა, მაგრამ პირდაპირ სახეში შემოგვილაწუნეს და გვითხრეს, რომ თეთრი თეთრი კი არ არის, არამედ არის უშავესი. სულ ველოდებოდი, რომ არგუმენტურებულად იტყოდა რაიმეს. სალიაც კი თავს არიდებდა პასუხს, იყო თუ არა კეთილსინდისიერი მყიდველი. ეს არის დღევანდელი ქართული სასამართლო. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. წავალთ ბოლომდე, უკანასკნელ მომენტამდე, სანამ კი რაიმეს გაკეთება შეგვიძლია. ეს ასე არ დამთავრდება. ჩვენ ამ საქმეს პრინციპულად მოვიგებთ".

ტელეკომპანია რუსთავის 2-ის დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ მოსამართლის განმარტებით, მან რუსთავის 2-ის ამჟამინდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია:

პაატა სალია
პაატა სალია

"ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ თუკი ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ქიბარ ხალვაში და ეს მის ჩვენებაშიც არის ასახული, რომ მისთვის არ იყო ცნობილი იმ დროისთვის რაიმე ზეწოლისა და იძულების შესახებ და შესაბამისად, მან ეს წილები შეიძინა პაატა კარსანიძისგან, რომელიც ასევე განმარტებულია, რა როლს თამაშობდა ამ გარიგებაში. მოსამართლემ ადვოკატ კოჟორიძის მოთხოვნით გააკეთა მცირე განმარტება, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მან სარჩელი და განმარტა, რომ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია. ეს იყო ძირითადი განმარტება. გადაწყვეტილებაში აისახება არგუმენტაცია", - აცხადებს პაატა სალია.

სასამართლო დავა იმის გადასაწყვეტად, მიიღებდნენ თუ არა ტელეკომპანიის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილს, თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. საქმეს განიხილავდა მოსამართლე გოჩა დიდავა. იმ დროის განმავლობაში, სანამ საქმე სასამართლოშია, დამფუძნებლების მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებული იყო ტელეკომპანიის 60%-იანი წილი.

საქმეზე მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კომპანიის მათი კუთვნილი წილები (30-30%) ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოერთვათ და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. აქიმიძისა და დვალის მოპასუხე მხარე ამ საქმეზე „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს ფლობდა 2004-06 წლებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG