Accessibility links

site logo site logo

კახეთში, სავარაუდოდ, XV საუკუნის „საქარავნო გზის“ ხიდი აღმოაჩინეს


ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აგურით ნაშენები ხიდი, რომელიც სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, ირანიდან მომავალი "საქარავნო გზის" შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ყვავაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხიდი შემთხვევით ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.

"სოფელ აფენში ერთ-ერთმა მწყემსმა საქონლის ძოვებისას შემთხვევით ნახა ეს ხიდი, რომელიც მთლიან ბარდ-ეკლისგან და ნაწილობრივ მიწისგან იყო დაფარული. შემდეგ ამ მწყემსს თანასოფლელისთვის უთქვამს, რომ დიდი რაოდენობით აგური იპოვა და თუ დაინტერესდებოდა, შეეძლო სახლში წამეღო. როდესაც ეს ადამიანი ადგილზე მივიდა, ნახა, რომ იყო უძველესი ხიდი და მაშინვე მიხვდა, რომ ეს შეიძლება ისტორიული ნაგებობა ყოფილიყო. მაშინვე მე დამირეკა და ადგილზე მისვლა მთხოვა", - განაცხადა დავით ყვავაძემ.

მისი ინფორმაციით, ხიდი სავარაუდოდ XV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.

"პირველ რიგში, რაც სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, უნდა მოხდეს ხიდის გასუფთავება ეკალ-ბარდისგან და იქ უნდა განთავსდეს ბანერი, რომ მას იცავს სახელმწიფო. ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აგური არავინ მოიპაროს. მერიაში მითხრეს, რომ სამუშაოებს შეასრულებენ. შემდგომი კვლევები კი ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან იქნება ჩასატარებელი. ეს არის ნამდვილად აღმოჩენა.

აქ იყო საქარავნო გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ. ახალი აღმოჩენა შეიძლება შევიდეს ტურისტულ მარშრუტში“, - ამბობს დავით ყვავაძე.

რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, რომ აღმოჩენის შესახებ საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ძეგლთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ.

„დღეის მდგომარეობით რაიმე პრაქტიკული სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. სამინისტროს ეცნობება ეს ამბავი და ერთობლივად დაიგეგმება ყველაფერი. გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება. როგორც მითხრეს, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც ჩვენთვისაც საინტერესოა. ეს ხიდი იქნება დაცული“, - თქვა ლაგოდეხის მერმა.

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ახლა წერილს ამზადებს, რომლითაც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს შემდგომი სამუშაოებისთვის დახმარებას სთხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG