Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ომბუდსმენს მიმართავს შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს სახალხო დამცველს შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია, ასევე დაწესებულებებსა და პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” აცხადებს, რომ მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.

ორგანიზაცია ეხმიანება 8 დეკემბრის შემთხვევას, როდესაც კულტურის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე არ შეუშვეს "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი.

"08 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია “TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ “აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი .

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ", - წერს კოალიცია.

ორგანიზაციის თანახმად, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა“, - წერს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“.

„აღვირახსნილები“ - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მინისტრისგან მოესმინა პასუხი, რატომ არ მიეცა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს 8 დეკემბერს მინისტრის ბრიფინგზე შესვლის საშუალება.

კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარის” და „პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს არც 22 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG