Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის შემდეგ, პეკინი-2022-ს დიპლომატიური ბოიკოტი ავსტრალიამაც გამოუცხადა


პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს, 4-20 თებერვალს გაიმართება. პარალიმპიური თამაშები - 4-13 მარტს.

ზამთრის ოცდამეოთხე ოლიმპიურ თამაშებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი აქტიურად ემზადება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალისთვის, რომელიც 4 თებერვალს უნდა გაიმართოს პეკინის ეროვნულ სტადიონზე, მაგრამ ბოლო პერიოდში მოვლენები ისე ვითარდება, შესაძლოა, გახსნის ცერემონიალზე დაპატიჟებულ საპატიო სტუმართა დიდი ნაწილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში საერთოდ არ ჩავიდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისი ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადაზე დიპლომატიური დელეგაციის გაგზავნისგან თავის შეკავებაზე ფიქრობდა. 6 დეკემბერს კი, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამერიკელები ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და ადამიანის უფლებათა უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ და პეკინში მხოლოდ სპორტულ დელეგაციას უშვებენ.

ჯენ საკის განცხადებიდან ორიოდ დღეში, აშშ-ის ბოიკოტს ავსტრალიაც შეუერთდა, პროტესტის ანალოგიური ფორმით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ჩინეთში ავსტრალია მხოლოდ სპორტსმენებს გაუშვებს, ოფიციალური და დიპლომატიური დელეგაციების გაგზავნისგან კი თავს შეიკავებს. მიზეზად მორისონმაც ადამიანის უფლებების დარღვევა დაასახელა და იქვე ახსენა ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო სანქციები.

დიდ ბრიტანეთშიც აქტიურად მსჯელობენ პეკინში ოფიციალური დელეგაციის გამგზავრება-არგამგზავრებაზე. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გამოაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მისმა ქვეყანამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადოს.

პროტესტის მონაწილე ქვეყანათა სია, სავარაუდოდ, საგრძნობლად გაიზრდება. ჩინეთის ხელისუფლება კი აშშ-სა და ავსტრალიის მთავრობებს სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში სდებს ბრალს და ირწმუნება, რომ ბოიკოტი რეალურად სიცრუესა და ჭორებზეა დაფუძნებული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა შესაძლო კონტრ-ზომების მიღებაზეც გააკეთა განცხადება.

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს, 4-20 თებერვალს გაიმართება, პარალიმპიური თამაშები - 4-13 მარტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG