Accessibility links

site logo site logo

ალექსეი ნავალნიმ მეხუთე სარჩელი შეიტანა კოლონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობას იხდის ვლადიმირის ოლქში, ქალაქ პოკროვის კოლონიაში, ოთხშაბათს მეხუთე სარჩელი შეიტანა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ამას მეტყველებს ქალაქ პეტუშკის რაიონული სასამართლოს ვებსაიტი.

როგორც სასამართლოს შეტყობინებიდან ჩანს, ნავალნის სარჩელი ეხება კოლონიის ადმინისტრაციის მოქმედებას, მაგრამ არ არის დაკავშირებული კოლონიაში პატიმრობის პირობებთან. მოთხოვნების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

მანამდე სასამართლომ უკვე განიხილა ნავალნის სამი სარჩელი პოკროვის კოლონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ისინი ეხებოდა მისთვის გაქცევისკენ მიდრეკილის კვალიფიკაციის მინიჭებას, გაზეთების ცენზურას და იმას, რომ კოლონიის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მისთვის ყურანისა და ბიბლიის გაცემაზე. ივნისის დამდეგს ქალაქ პეტუშკის რაიონულმა სასამართლომ არ მიიღო ნავალნის სარჩელი, რომელშიც ის ითხოვდა გაქცევისკენ მიდრეკილის სტატუსის მოხსნას. ორ დანარჩენ სარჩელზე მან უარი თქვა.

18 ნოემბერს პეტუშკის რაიონულ სასამართლოში შევიდა ნავალნის მეოთხე სარჩელი. ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა „ნოვაია გაზეტას“ შეატყობინა, რომ ოპოზიციონერი ითხოვს, უკანონოდ იქნეს მიჩნეული კოლონიის კომისიის მიერ მისი აღრიცხვაზე აყვანა, როგორც პირისა, „რომელიც მისდევს ექსტრემისტულ იდეოლოგიას და მიდრეკილია ტერორისტული ხასიათისა და ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულების ჩადენისკენ.“ სარჩელის განხილვა 9 დეკემბრისთვის არის დანიშნული.

კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი მარტის შუა რიცხვებიდან იმყოფება პოკროვის კოლონიაში, სადაც ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით იხდის პატიმრობას. ის, მისი მომხრეები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მის გასამართლებას და მისთვის პირობითი პატიმრობის რეალურით შეცვლას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. განაჩენის თანახმად, პოლიტიკოსი 2023 წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს პატიმრობიდან. მაგრამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG