Accessibility links

site logo site logo

რატომ არის აუცილებელი დასავლური განათლების მიღების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?


ავტორი: შალვა ბერიანიძე

განათლების ხარისხის შემცირება და მის მიერ გამოწვეული პრობლემები სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოში. ეს, ერთი მხრივ დიდ გავლენას ვერ ახდენს მომავალ თაობაზე მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნება საქართველოს მომავალი თაობისთვის და არა მარტო.

განათლება, როგორც ურყევი ვერტიკალი უნდა იქცეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად, რაც არა თუ კლებადი, არამედ მუდამ მზარდი და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეთავსებული უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები თითოეული ინდივიდისთვის, განსაკუთრებით კი – მომავალი თაობისთვის, რომელთა აზროვნება და გარე სამყაროსთან დამოკიდებულება განსხვავებულია და ეს ასეც უნდა იყოს.

სახელმწიფო უფრო დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, განსაკუთრებით კი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება ეს ვირუსი, თუმცა სახელმწიფოს უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, სოციალური ურთიერთობებისა და საგრძნობლად შემცირებული განათლების ხარისხის გამოსასწორებლად. აღარაფერს ვამბობ ჩამოშლილ ეკონომიკაზე.

რამდენიმე დღის წინ, განათლების ექსპერტმა და კონფლიქტოლოგმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო სივრცეში ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა. ზაზამ აღნიშნა, რომ განათლება უნდა იქცეს სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისა და კონვენციებით აღიარებულ საქართველოს საზღვრებში, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი).

ზაზა კრიტიკულად აფასებს ე.წ ,,საატესტატო გამოცდების” მოხსნის ფაქტს, რადგანაც აღნიშნული გამოცდები სასკოლო განათლების ერთ-ერთ ეფექტურ საზომს წარმოადგენდა. რაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. ახალგაზრდების უმრავლესობა და ჩემი თანატოლებიც უნდა იყვნენ ინფორმირებული რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ პირდაპირ, ხისტი პოლიტიკით ვერ განახორციელებს, შესაბამისად ნაკლები უნდა იყოს მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე მკვეთრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას ამ რეგიონების მიმართ.

რა უნდა გაკეთდეს?

უპირველეს ყოვლისა უნდა გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა და ის მოცემულობა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ და სოციალურ ამინდს ქმნის. საქართველოში წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციების ჩართულობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ღიად მხარს უჭერენ. ამ თვალსაზრისით, მხარეებს შორის უნდა მოქმედებდეს მრავალდონიანი მოლაპარაკებები: პირველ დონეზე უნდა დამყარდეს სახელისუფლებო კავშირები, ხოლო მეორე დონეზე უნდა მოხდეს ახალი კონტაქტების მოძიება სახალხო დიპლომატიის გამოყენებით.

ფაქტია, რომ სახალხო დიპლომატიის უმთავრეს მიმართულებას საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გაქრობა წარმოადგენს. ამასთანავე, ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოს კონფლიქტების თემამ საზოგადოებაში აქტუალობა გარკვეულწილად დაკარგა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მუდმივად აქტუალური იყო და იგი ყოველთვის მთავარი საკითხების პირველ ხუთეულში შედიოდა, თუმცა ეს ტენდენცია 2009-2016 წწ.-ში მნიშვნელოვნად შეიცვალა და წინა პლანზე სხვა პრიორიტეტებმა გადაინაცვლა.

კონფლიქტების დარეგულირების პროცესში აუცილებელია არასახელმწიფო აქტორების გააქტიურება, რადგანაც ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, გაცილებით თავისუფლად მოქმედებენ წარსულის ინტერპრეტირებისას. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით შესაძლოა, განხორციელდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის და ცხინვალის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს.

ეს პროგრამები ხელს შეუწყობს ჯგუფურ თერაპიას და ტრავმული გამოცდილების დაძლევას. მსგავსი ტიპის შეხვედრები შექმნის საინფორმაციო ქსელს, რომელიც სამშვიდობო ურთიერთობებს განავითარებს პოლიტიკური ჩარჩოსა და ოფიციალური ხაზების დამოუკიდებლად.

ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) ცალკე განხილვას იმსახურებს, რადგანაც იგი აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონისგან თვისებრივად განსხვავდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ცხინვალის რეგიონმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან გამყოფი ხაზი, საზღვარი, გაავლო, რითაც ოსებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არ სურდათ საქართველოსთან და ქართველებთან ურთიერთობა. ამას ემატება ისიც, რომ ბორდერიზაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

სახალხო დიპლომატია ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთთან შედარებითშეზღუდულად ფუნქციონირებს, რადგანაც ცხინვალში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არასამთვრობო ორგანიზაციები, ამიტომ სახალხო დიპლომატიას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება სამხრეთ ოსეთში ომის შემდგომი განწყობების შესაცვლელად, ვიდრე – აფხაზეთში.

ივლიანე ხაინდრავა (2020) აღნიშნავს: ,,გამყოფ ხაზებს შორის არსებული სივრცე უნდა გაიწმინდოს ფსევდოპრინციპული დამოჩვენებითად „ურყევი“ პოზიციებისგან, იმგვარი წინაპირობებისგან, რომლებიც აბრკოლებენ ადამიანების ნორმალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ყოფაში დაბრუნებას (კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს)“.

დღესდღეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს ახალგაზრდების უმრავლესობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს რუსეთში განათლების მიღება. სწავლის დასრულების შემდეგ, ამ ახალგაზრდებში მაღალია ანტიდასავლური და ანტიქართული განწყობები, რაც რა თქმა უნდა, ართულებს კომუნიკაციას თაობებს შორის და ამცირებსსახალხო დიპლომატიის ეფექტიანობას სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვაში.

ალექსი ფომინიხი (2017) აღნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის უმაღლესი განათლება, რუსული ენის გამოყენებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქვეყნის გავლენის გასაზრდელად მთელ მსოფლიოში. რუსული უნივერსიტეტები სახალხო დიპლომატიის (რბილი ძალის) გამოყენებით აძლიერებენ საკუთარ ადამიანურ რესურსს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონი). ამის დამსახურებით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. შედარებისთვის, 2014 წელს 2008 წელთან შედარებით აფხაზეთელი სტუდენტების რიცხვი 427-ით გაიზარდა, ხოლო ცხინვალელი სტუდენტების – 452-ით.

განათლების მიღების პოპულარიზაცია აყალიბებს რუსეთის უნივერსიტეტების რეგიონალური საგანმანათლებლო პრაქტიკისა და რუსული სახალხო დიპლომატიისმკაფიო სტილს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ამის პარალელურად, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, დასავლური ფონდები აძლიერებენ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სპეციალური განათლების საჭიროების ხელშეწყობის პროგრამებს აფხაზეთში. ეწყობა სასწავლო ვიზიტები და ხდება საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

აგრეთვე, აფხაზი ახალგაზრდების მხრიდან იკვეთება მკაფიო ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ, რაც ზრდის სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. რუსეთის გავლენა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მხოლოდ განათლებით არ შემოიფარგლება. ამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამომავლო (საგანმანათლებლო თუ სხვა) საქმიანობის რუსეთში გაგრძელების მკაფიო სურვილი, უპირველესად განპირობებულია ენობრივი ბარიერით, რადგანაც მათი უმრავლესობა რუსულად საუბრობს და ინგლისურენოვან პროექტებში ნაკლებად ერთვებიან, რაცევროკავშირისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

შესაბამისად, აუცილებელია განხორციელდეს მრავალპროფილური (თუნდაც ონლაინ) პროექტები, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები დასავლურ განათლებას მიიღებენ, რაც მათ ინგლისური ენის უკეთ შესწავლის შესაძლებლობასაც მისცემს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG