პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე. როგორც დეპუტატი ამბობს, ეკაატერინე ტიკარაძე არსად წასულა და ის „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრია.
„მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ასე.
რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ... საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც ალბათ უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, ალბათ ეკა მოინდომებს თვითონ ილაპარაკოს, ან თვითონ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას", - თქვა გიორგი ვოლსკიმ.
9 დეკემბერს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში.
როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება. როგორც ის აცხადებს, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.
დაწერეთ კომენტარი