Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს


"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.

"გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა", - აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ბრიფინგზე.

პროკურორის თქმით, 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ანუ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი ლორთქიფანიძე დაუკავშირდა საქართველოში მყოფ ელგუჯა ცომაიას (რომელსაც ეკუთვნოდა სატვირთო, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა) მოსთხოვა უკრაინაში ჩასვლა.

"26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით VILNIUS-ი, შეიყვანეს", - განაცხადა პროკურორმა.

ლორთქიფანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლებით წარედგინა. ამ მუხლებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის დგება.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მტკიცებულებად მედიას ამავე საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასა და გიორგი ლორთქიფანიძის კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერიც შესთავაზა.

გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG