Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზღვრის კვეთაზე" სასამართლოში სააკაშვილის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მოსმენების შემდეგ მიიღო.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხული მოწმეებით დაადასტურებენ, რომ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი თქვა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკური აქტი იყო და არ უნდა განხილულიყო, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არის ცალსახად პოლიტიკური აქტი და ეს რასაც მტკიცებულებებს და კანონის დარღვევას უწოდებენ, სინამდვილეში არის გმირული ქცევა - დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება ისე, რომ არავითარი გარანტიები დევნის შეწყვეტის შესახებ არ არსებობს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ შეუშინდა და დაბრუნდა სამშობლოში - ბრალდებას, დაჭერას. თორემ კანონის პატივისცემა ისეთი უნდა, მიხეილ სააკაშვილმა რომ იცის", - თქვა ბასილაიამ.

ამავე სხდომაზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მოსამზადებელი სხდომა იყო, მოსამართლემ იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე. სწორედ ამ მტკიცებულებებს ექნება გადამწყვეტი როლი დანაშაულის დამტკიცება - არდამტკიცებაზე.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ ინტერნეტიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებების სახით იყო წარდგენილი, საქმეს არ უნდა დართვოდა, რადგან "ეს იყო კომპიუტერული მონაცემები" და მის მოსაპოვებლად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, ვეფხვაძე ითხოვდა, რომ ასევე არ დაკითხულიყო დაცვის მხარის მოწმეებად დასახელებული 40-მდე პირიდან რამდენიმე. პროკურორმა ორი მიზეზი დაასახელა: სააკაშვილის ადვოკატებმა მოწმეები წინასწარ არ გამოკითხეს და ჩამონათვალში მოყვანილ პირებს მტკიცებულებების შექმნაში ტექნიკური როლი ჰქონდათ.

"თუ ამ მოწმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ რაიმე სახის კითხვები, მაშინ არსებობს მექანიზმი - უნდა გამოიკითხონ, რადგან მეორე მხარე ინფორმირებული იყოს, რა ინფორმაცია მიიღეს მათგან, რადგან სასამართლოში დავკითხოთ ეს მოწმეები... [გარდა ამისა] არ უნდა მოხდეს მათი დაკითხვა, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ მოცემულობით ჩვენ ძალიან საშიშ პრეცედენტს დავუდებთ საფუძველს, რომ ყველა პირი, ვინც ტექნიკურად აწერს ხელს [მტკიცებულებად წარმოდგენილ დოკუმენტებს], შეყვანილი იყოს დასაკითხ პირთა სიაში", - თქვა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა კი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მტკიცებულება, რომლის ამორეცხვასაც პროკურორები ითხოვდნენ, უთანაბრდება გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და არ არსებობს მისი ოფიციალურად გამოთხოვის აუცილებლობა.

სასამართლო სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ისინი ითხოვდნენ საქმეზე არ დართულიყო ის მტკიცებულებები, რომლებიც კანონმდებლობის დარღვევით იყო მოპოვებული. ბასილაიას თქმით, ასეთი იყო გამომძიებლის მიერ შედგენილი დადგენილება, რომელიც მცდარ ინფორმაციას შეიცავს.

"[გამომძიებელი დადგენილებაში წერს, რომ] განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე... - მოცემულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შეფარდებული, შესაბამისად, ამ დადგენილებაში მითითებული ეს გარემოება არის ყალბი ინფორმაცია", - თქვა ბასილაიამ.

მოსამართლემ განმარტა, რომ ინტერნეტ სივრცეში ღიად მოპოვებად ინფორმაციაზე წვდომა არის შეუზღუდავი და საქმის მასალებად დართვა შესაძლებელია. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს შეუძლია დაკითხოს ის პირები, რომლებმაც საქმეზე დართული დოკუმენტის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა - შესაბამისად არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

"სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით და რაიმე არსებითი დარღვევა ვერ დაადგინა", - თქვა მოსამართლემ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობაც, რომელიც სააკაშვილისთვის პატიმრობის დროს სატელეფონო საუბრების აღდგენას ეხებოდა - სასამართლომ განმარტა, რომ მსგავსი უფლების აღდგენას მას კანონმდებლობა არ აძლევდა, მაგრამ რადგან საკითხი ადვოკატებმა შუამდგომლობის სახით დააყენეს, ის განიხილა.

საქმის არსებითი განხილვა 22 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. წინასასამართლო სხდომას თავად სააკაშვილი არ დასწრებია - მისი წარმომადგენლების თქმით, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG