Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატოსადმი, რომ არ დაუშვას უკრაინის ალიანსში გაწევრიანება


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა დასავლეთისადმი, არ დაუშვას უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ.

„ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 11 დეკემბერს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსი მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ არ წავა კომპრომისზე იმ უფლების მიმართ, რომელიც ევროპის ყველა ერს საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთის მისწრაფებას, აღადგინოს ისეთი სისტემა, რომელშიც ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთია, გავლენის სფეროებს ფლობენ და სადაც ისინი აკონტროლებენ და წყვეტენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ სხვა წევრებმა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს.

მანამდე, 10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ნატოს, რომ უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო სამომავლო გაწევრიანებას ითვალისწინებს.

რუსეთის პასუხად, ხუთშაბათს, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვი, მხოლოდ და მხოლოდ თავად უკრაინისა და ნატოს საქმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG