ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „სერიოზულად“ ეკიდება ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ მოლაპარაკებებს და თუ მეორე მხარე სერიოზულად მოეკიდება სანქციების გაუქმებას, მივაღწევთ კარგ შეთანხმებას. ჩვენ ნამდვილად ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას“, - მოჰყავს ირანის პრეზიდენტის სიტყვები ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს.
ირანის პოლიტიკური ლიდერის ამ განცხადების ფონია, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ამ კვირაში ვენაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების სულის შთაბერვას.
მოლაპარაკებების გადადების მიზეზი გახდა ირანის დელეგაციის მიერ წამოყენებული მრავალრიცხოვანი მოთხოვნები, რაც შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მიუღებლად მიიჩნიეს.
ევროპელმა დიპლომატებმა თეირანს მოუწოდეს, რომ „რეალისტური წინადადებებით“ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის „სხვანაირად“ წარმართვას იმედოვნებს.
ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდა ვენაში.
მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა, კვლავ დაუბრუნდეს მას, ირანს ადანაშაულებს, რომ ის სერიოზულად არაა დაინტერესებული ახალი შეთანხმებით.
მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის წევრმა გერმანიამ, რომელიც 2015 წლის შეთანხმების მონაწილეა, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ შეისწავლა თეირანის წინადადებები შეთანხმების კვლავ ამოქმედების თაობაზე „და დაასკვნა, რომ ირანმა დაარღვია თითქმის ყველა კომპრომისი, რომელიც წინა თვეებში გამოინახა რთული მოლაპარაკებების პროცესში“.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ბერლინი იმედოვნებს, რომ ირანი „რეალისტური“ პოზიციებით დაუბრუნდება მოლაპარაკებებს.
ირანმა, რომელიც უარს აცხადებს ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაზე, განაცხადა, რომ ახალი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, თუკი არ გაუქმდება თეირანისთვის დაწესებული სადამსჯელო სანქციები.
დაწერეთ კომენტარი