Accessibility links

site logo site logo

ტიკარაძე ისევ არ ამბობს მიზეზს, რის გამოც მიდის თანამდებობიდან


საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიას ისევ არ ეუბნება მიზეზს, რის გამოც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ კითხვით მას ჟურნალისტებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.

კიდევ ერთი კითხვა, რომლითაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე ტიკარაძის არმისვლას უკავშირდებოდა.

"არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. მე მოვუწოდებ, ზოგადად, საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირი პროტესტის ფორმას და ამას ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ. ამიტომ გთხოვთ, ნუ ეძებთ ნურანაირ...", - თქვა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც მინისტრის ნაცვლად ესწრებოდა დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ მთავრობის სხდომას ამბობს, რომ "ჯანდაცვის სამინისტროს საკითხი მთავრობის სხდომაზე გასატანი არ ყოფილა, ამდენად, ჩემი დასწრება იყო საკმარისი და არ იყო [საჭირო] მინისტრის დასწრება".

გაბუნიამ ასევე უარყო, რომ ერთ-ერთ წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომამდე, "დაპირისპირება და ხელების ბრახუნი იყო და ისმოდა ფრაზა -"მონა არავინ არ არის". ამ ფორმულირებით მას კითხვა ჟურნალისტმა დაუსვა.

"არ მახსენდება ნამდვილად. უარვყოფ ცალსახად", - თქვა მან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითქმის 3-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობის დატოვებაზე 9 დეკემბერს ისაუბრა. მას არც მაშინ უთქვამს, რა გახდა გადადგომის მიზეზი.

ტიკარაძემ "ქართული ოცნების" პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG